გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული ოცნების ინიციატივა, "მუქარასა და შანტაჟში ჩართული ადამიანების" ბაზა შეიქმნას მმართველი პარტიის სისუსტესა და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს.
დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ აპირებენ იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნას, რომელშიც, მისი თქმით, "ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში ჩართულ" ადამიანებს, ასევე მათ სახელებს შეიტანენ, რომლებიც "ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".
ვაშაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება სირცხვილია.
"შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც მათ სისუსტეზე და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, სხვა არაფერი შეფასება არ უნდა გავაკეთოთ იმ რეალობასთან აცდენილ განცხადებებზე, რომელიც მან აკეთა. სირცხვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს. ბოლოს, ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და გვახსოვს, რომ მისი ხელისუფლება დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს ვითომ და მათი აზრით, მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები, არ იმუშავებს.
ჩვენი სრული მხარდაჭერა ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანს, ყველას უფლებებს დავიცავთ, ყველას გვერდში დავუდგებით. რაც მთავარია, ქვეყანა და ერი ერთიანია. მინდა შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა - ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასეთ, ახალგაზრდებს რომ თავ-პირი დაამტვრიეთ. თქვენი კოლეგა ლევან ხაბეიშვილი სასტიკად რომ სცემეს და ანგარიში გაუსწორეს თქვენს თვალწინ, ერთი სიტყვა არ გითქვამთ. ყველაფერს როგორ აყალბებთ, ვინ ხართ, საიდან მოხვედით და როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი არაადეკვატური განცხადებები.
მაგრამ, მე ძალიან კარგად ვიცი, ბევრი ინფორმაცია გვაქვს, როგორი ჩამოშლა გაქვთ შიგნით, როგორი მძიმე ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურში, პოლიციაში, მათ შორის პარლამენტის წევრებს შორის, სადაც ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ ამ ანტი-ქართულ, მოღალატეობრივ ქმედებას ხელი არ უნდა მოაწეროთ. ეს ყველაფერი რატომ ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ თქვენმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, რუსული კანონი მიიღოს და ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს საქართველოში? საქართველოში, რომელიც არის ღირსეული ადამიანების ქვეყანა და თქვენ ვის უპირისპირდებით - ახალგაზრდა თაობას, ქართველ ხალხს? ამ სისულელეების ბოდვას და როშვას მოეშვით, მოეგეთ გონს", - თქვა ვაშაძემ.